აშშ მკაცრად გმობს რუსეთის მიერ კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.
ბაიდენის თქმით, დღევანდელი თავდასხმების შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ და დაშავდნენ; განადგურდა ობიექტები, რომლებიც სამხედრო დანიშნულების არ იყო, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს პუტინის უკანონო ომის სრულ სისასტიკეს უკრაინელი ხალხის მიმართ.
„ვუსამძიმრებთ დღეს უაზროდ დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს, ასევე დაჭრილებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – განაცხადა შეერთებული შტატების ლიდერმა.
როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი თავდასხმები კიდევ უფრო აძლიერებს აშშ-ს ვალდებულებას, დადგეს უკრაინის ხალხის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.
„ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, პუტინისა და რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებასა და უკრაინის ძალების საჭირო მხარდაჭერას საკუთარი ქვეყნისა და თავისუფლების დასაცავად. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს არაპროვოცირებული აგრესია და გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან“, – განაცხადა ბაიდენმა.
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა დღეს კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. რუსული იერიშის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა, 60-მდე კი დაშავდა.