სარაკეტო იერიშების ფონზე, მაკრონი ზელენსკის მეტ სამხედრო დახმარებას დაჰპირდა
რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის, კიევზე დღეს მიტანილი სარაკეტო იერიშების ფონზე, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკის დახმარების გაზრდას დაჰპირდა.
პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი დღეს შედგა.
როგორც ელისეის სასახლეში განაცხადეს, მაკრონმა უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა დღევანდელი მოვლენების გამო, „მან ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა და თქვა, რომ საფრანგეთი უკრაინის მხარდაჭერას გაზრდის, კიევის მიერ ჩამოყალიბებული საჭიროებების საპასუხოდ, მათ შორის, სამხედრო აღჭურვილობის კუთხით”.
აღნიშნულია, რომ მაკრონი “პრეზიდენტ ზელენსკისთან, ევროპულ პარტნიორებსა და G7-თან კავშირზე დარჩება“.