მოლდოვამ საჰაერო სივრცე შესაძლოა, ისევ ჩაკეტოს
მოლდოვის ხელისუფლებამ შესაძლოა, საჰაერო სივრცის ჩაკეტვის გადაწყვეტილება ისევ მიიღოს.
ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ანატოლი ნოსატიმ განაცხადა.
„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაძლოა, სხვადასხვა ღონისძიება გატარდეს. ვინაიდან რაკეტები გაშვებულია შავი ზღვის ტერიტორიიდან, მათ შესაძლოა, მომავალში მოლდოვის საჰაერო სივრცეც გადაკვეთონ“, – განაცხადა ნოსატიმ, ტელეკომპანია Moldova 1-ის ეთერში.
მისივე თქმით, გადაწყვეტილება საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ, საგანგებო სიტუაციების კომისიის გადაწყვეტილებით, ყველა პასუხისმგებელ ორგანოსთან კონსულტაციების შედეგად მიიღება.
მოლდოვაში დღეს განაცხადეს, რომ უკრაინაზე განხორციელებული მასიური სარაკეტო იერიშის დროს, სულ მცირე, სამმა რუსულმა რაკეტამ მოლდოვის ტერიტორიას გადაუფრინა.
როგორც “ტვიტერში” ქვეყნის ვიცეპრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკუ პოპესკუმ დაწერა, “შავი ზღვიდან რუსული გემებიდან უკრაინის მიმართულებით დღეს გაშვებულმა სამმა ფრთოსანმა რაკეტამ. მოლდოვის საჰაერო სივრცე გადაკვეთა განმარტებისთვის რუსეთის ელჩი დავიბარეთ”.