რუსეთის სარაკეტო თავდასხმების ფონზე, ჩეხეთი დასავლეთს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეზღუდვების მოხსნისკენ მოუწოდებს

რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინაზე დღეს მიტანილი სარაკეტო იერიშების ფონზე, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ დასავლეთმა უნდა გააუქმოს იმ იარაღის მიწოდებაზე შეზღუდვები, რომელიც დღემდე არის დარჩენილი.

ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იაროსლავ კურფიურსტმა უკრაინელ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, – წერს Eurointegration.

“რუსეთი ტერორისტულ მეთოდებს იყენებს. უნდა გაუქმდეს ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც არსებობს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ნაწილში. დროა, კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა გამოვუცხადოთ უკრაინას”, – თქვა მან.

„ტერორისტული თავდასხმები საკმარისად არ ისჯება, რადგან მთავარი დამნაშავეები სხედან კრემლში და ცხოვრებით ტკბებიან. ამიტომ, ჩვენ ვართ მათ შორის, ვინც ხელს უწყობს რუსეთის აგრესიის დანაშაულისთვის ტრიბუნალის შექმნის იდეას, რომ დაისაჯოს ისინი, ვინც პასუხისმგებელია და არა მხოლოდ ისინი, ვინც დანაშაულს საკუთარი ხელით ჩადის“, – განაცხადა კურფიურსტმა.

თავის მხრივ, ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ტომას კოპეჩნიმ განაცხადა, რომ ეს შეზღუდვები, რომლებიც ზოგიერთმა ქვეყანამ საკუთარ თავს დაუწესა, თავიდანვე არც იყო საჭირო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები