“ყირიმის ხიდი ყვავილებად მოეჩვენებათ” – ლუკაშენკო კიევს ემუქრება
ბელარუსის ლიდერის, ალექსანდრე ლუკაშეკოს მტკიცებით, უკრაინა ბელარუსის ტერიტორიების დაბომბვას გეგმავს და თითქოს, კიევში ამბობენ, რომ ეს იქნება “ყირიმის ხიდი-2”.
ამის შესახებ ლუკაშენკომ ძალოვანებსა და სამხედროებთან გამართული საგანგებო თათბირის შემდეგ განაცხადა.
“გუშინ არაოფიციალური არხებით გაგვაფრთხილეს, რომ უკრაინის ტერიტორიიდან ბელარუსზე დარტყმების განხორციელება იგეგმება. როგორც ითქვა: “გავაკეთებთ ისე, რომ ეს იყოს ყირიმის ხიდი-2”. ჩემი პასუხი იყო მარტივი: “აცნობეთ უკრაინის პრეზიდენტს და დანარჩენ გიჟებს, რომ ყირიმის ხიდი მათ ყვავილებად მოეჩვენებათ, თუ ბინძური ხელებით ჩვენი ტერიტორიის ერთ მეტრსაც შეეხებიან“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
ამასთანავე, მან თქვა, რომ ვლადიმერ პუტინთან ერთობლივი რეგიონალური ჯგუფის განთავსებაზე შეთანხმდა.
ლუკაშენკოს თქმითვე, საკავშირო სახელმწიფოს დაჯგუფების ფორმირება უკვე ორი დღეა მიმდინარეობს და შესაბამისი განკარგულება თავად გასცა.