“მტრის იერიში გრძელდება” – ოკუპანტებმა დღეს უკრაინის მიმართულებით 75 რაკეტა გაუშვეს

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე დილიდან განგაშის ხმა არ ჩერდება.

როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, აგრესორმა უკრაინის მიმართულებით დღეს 75 რაკეტა გაუშვა, მათგან 41-ის მოგერიება მოხერხდა.

“თუმცა, მტრის იერიში გრძელდება. ყველას მოვუწოდებ, დარჩით თავშესაფრებში!”, – განაცხადა გენერალმა.

კერძოდ, კიევის ოლქში: საჰაერო თავდაცვა მოქმედებს თითქმის მთელ კიევის რეგიონში, დაფიქსირდა კერძო სექტორის დაბომბვა ორ თემში, – განაცხადა კიევის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლექსი კულებამ.

ბუჩას მერის, ანატოლი ფედორუკის ინფორმაციით, ბუჩაში 6 რაკეტაა მოგერიებული, მსხვერპლი არ არის, ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა.

ოდესის ოლქი: ჩამოგდებულია სამი რაკეტა და 5 დრონი – “კამიკაძე”.

“ჰაერიდან საფრთხე შენარჩუნებულია, მიმდინარეობს ბრძოლა”, – დაწერა ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაქსიმ მარჩენკომ.

ხმელნიცკის რეგიონი: რუსული დაბომბვის გამო, ქალაქ ხმელნიცკის ელექტროენერგია არ მიეწოდება, დაზიანებულია რეგიონული ცენტრის ერთ-ერთი კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი, – განაცხადა მერმა, ალექსანდრე სიმჩიშინმა.

სუმის რეგიონი: არის ელექტროენერგიასთან დაკავშირებული შეფერხებები, ადგილებში წყალმომარაგებასთანაც; “კონოტოპში” ორი რაკეტა ინფრასტრუქტურულ ობიექტზე ჩამოვარდა, – განაცხადა სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დიმიტრი ჟივიცკიმ.

ლვოვის რეგიონი: გაშვებულია15 რაკეტა, აფეთქებაა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტზე, ქალაქის თბოელექტროსადგურის მუშაობა ელექტროენერგიის უქონლობის გამო, დროებით შეჩერდა. ქალაქს ცხელი წყალი არ მიეწოდება. წყალმომარაგების აღსადგენად რამდენიმე სატუმბო სადგურზე, სარეზერვო დენის გენერატორები გავუშვით. ქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, შუქნიშნების მესამედი არ მუშაობს, – ამბობს მერი, ანდრეი სადოვი.

ხარკოვის რეგიონი: ჩამოვარდა სამი რაკეტა. კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტის დაზიანების გამო, ელექტროენერგიის და წყლის მიწოდება შეფერხებულია. ხარკოვის მეტრომ მგზავრების გადაყვანა შეაჩერა, ყველა სადგური თავშესაფრის რეჟიმში მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები