“ეს ტერორია, მაგრამ უკრაინა არ დაეცემა” – კულება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსი ოკუპანტების მიერ ქვეყნის ქალაქების, მათ შორის, დედაქალაქის დღევანდელ დაბომბვას გამოეხმაურა.
როგორც დიპლომატმა “ტვიტერში” დაწერა, ეს არის ტერორი, თუმცა, უკრაინა არ დაეცემა.
“პუტინის ერთადერთი ტაქტიკაა – ტერორი უკრაინის მშვიდობიანი ქალაქების წინააღმდეგ, მაგრამ უკრაინას ეს არ გატეხს. ეს ასევე არის პასუხი ყველა იმ “მომრიგებლებისთვის”, რომლებსაც მასთან მშვიდობაზე სურთ საუბარი. პუტინი ტერორისტია, რომელიც მოლაპარაკებას რაკეტების გამოყენებით აწარმოებს”, – წერს კულება.
რუსმა ოკუპანტებმა გამთენიისას უკრაინის რამდენიმე ქალაქი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ასევე, “რაშისტებმა” სარაკეტო თავდასხმა კიევზეც მიიტანეს, სადაც, ბოლო მონაცემით, 8 ადამიანია დაღუპული, დაზიანებულია ობიექტები.
ამასთან, ქალაქში განგაშის ხმა არ წყდება, რაც მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, ნიშნავს იმას, რომ “საფრთხე გრძელდება”. მან ქალაქში მცხოვრებლებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა, ასევე, გარეუბნებში მცხოვრებლებს მიმართა, რომ განსაკუთრებული საჭიროების გარეშე კიევში ჩასვლისგან, დღეს თავი შეიკავონ.