“რუსეთმა არ უნდა მიაღწიოს წარმატებას და ვერ უნდა აიძულოს ევროპელები, იცხოვრონ ენერგეტიკულ სიღარიბეში” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა არ უნდა მიაღწიოს წარმატებას და ვერ უნდა აიძულოს ევროპელები, იცხოვრონ ენერგეტიკულ სიღარიბეში ან სულაც მის გარეშე.

ზელენსკის თქმით, აუცილებელია თანამშრომლობის გაღრმავება, რომ ევროპელები ადეკვატური ენერგეტიკული გარანტიებით იყვნენ უზრუნველყოფილნი.

ამის შესახებ მან ევროსაბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“რუსეთმა არ უნდა მიაღწიოს წარმატებას და ვერ უნდა აიძულოს ევროპელები, იცხოვრონ ენერგეტიკულ სიღარიბეში ან საერთოდაც ენერგეტიკის გარეშე. ამაში მთავარი გამოწვევა სწორედ უკრაინაშია”, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

ზელენსკიმ განმარტა, რომ უკრაინაში უპირველესი ამოცანაა ენერგეტიკული ობიექტების ფიზიკური დაცვა რუსული დარტყმებისგან.

„ჩვენ გვჭირდება საკმარისი საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომ რუსეთმა არ დატოვოს ხალხი სითბოსა და ელექტროენერგიის გარეშე ზამთარში“, – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

მისი თქმით, მეორე ამოცანაა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაცვა.

„ჩვენ საბოლოოდ უნდა ვაიძულოთ რუსეთი, დაუყოვნებლივ შეასრულოს IAEA-ს, მსოფლიოს ყველა ნორმალური ადამიანის მოთხოვნები და მოახდინოს სადგურის დემილიტარიზაცია. ეს ეხება არა მხოლოდ რუსულ სამხედრო აღჭურვილობას, არამედ – ყველა სამხედროს სადგურიდან გაყვანას. ამჟამად, ზაპოროჟიეს სადგურზე 500 რუსი ტერორისტი იმყოფება და მათი ადგილი იქ არ არის”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მან თქვა, რომ ეს აუცილებელია რადიაციული უსაფრთხოებისთვის და იმისთვის, რომ უკრაინას ჰქონდეს ელექტროენერგიის საჭირო რაოდენობა ექსპორტისთვის.

„ექსპორტისთვის, რომელსაც ამ ზამთარს ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის ჩვენი მეზობლებისთვის“, – დასძინა სახელმწიფოს მეთაურმა.

როგორც ზელენსკის აღნიშნა, მესამე ამოცანაა ქვეყნის აღდგენა.

“იმ ობიექტების სწრაფი აღდგენა, რომლებიც რუსეთმა გაანადგურა სამხედრო ოპერაციების შედეგად. მე მადლობელი ვარ ყველა ქვეყნის, რომელმაც უკვე დაიწყო მუშაობა ჩვენი სწრაფი აღდგენის გეგმაზე და ჩვენ მოუთმენლად ველით ამ თემის მნიშვნელოვან განხილვას 25 ოქტომბერს გერმანიაში”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები