2023 წელს, გაზრდილი ბიუჯეტის პირობებში, ფერმერებისათვის მოსავლის ამღები ტექნიკის, მათ შორის, კომბაინების შესყიდვა მეტად ხელმისაწვდომი გახდება
საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტით, ბიუჯეტი სოფლის მეურნეობის სექტორში 15.7%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, გაზრდილ ბიუჯეტი შეეხება მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამასაც. ბოლო წლებში, სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით, ათი ათასობით ჰექტარზე თანამედროვე მრავალწლოვანი ბაღები გაშენდა; ხელი შეეწყო ერთწლოვანი კულტურების მოყვანას; წლიდან წლამდე, ბაღები შედის მსხმოიარობაში, მზარდია მოთხოვნა მოსავლის ამღებ ტექნიკაზე, მათ შორის, კომბაინებზე, რომელიც ერთ-ერთი ძვირადღირებული ტექნიკაა. მიღებული მოსავლის აგროვადებში აღება-დაბინავების ხელშეწყობისთვის, მნიშვნელოვანია, ფერმერებისთვის გაიზარდოს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა როგორც მრავალწლოვანი, ასევე ერთწლოვანი კულტურების მოსავლის ამღები ტექნიკის შეძენის მიმართულებით.
2020-2021 წლებში, „მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, 408 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაა შეძენილი, ხოლო სახელმწიფო თანადაფინანსებამ 13,102,926 ლარი შეადგინა.