“ევროკავშირი მხარს დაუჭერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესის გააქტიურებას” – შარლ მიშელი
ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესის გააქტიურებას, – დაწერა Twitter-ზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა.
პრაღაში გამართული ოთხმხრივი შეხვედრის შეჯამებისას მიშელმა თქვა, რომ “განვიხილეთ მდგრადი დეესკალაცია და სამშვიდობო ძალისხმევის გააქტიურება და ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს“.
პრაღაში აზერბაიჯანის და საფრანგეთის პრეზიდენტების, ასევე, სომხეთის პრემიერმინისტრის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეხვედრის დასრულების შედეგად, “სომხეთმა და აზერბაიჯანმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება გაერო-ს წესდებისა და 1991 წლის ალმა-ათის დეკლარაციის მიმართ, რომლის მეშვეობითაც ორივე მხარე ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს აღიარებს. მათ დაადასტურეს, რომ ეს საფუძვლად დაედება სადელიმიტაციო კომისიების მუშაობას და რომ ამ კომისიების შემდეგი შეხვედრა ოქტომბრის ბოლომდე ბრიუსელში გაიმართება”.
ასევე, სომხეთი დათანხმდა – დაუშვას ევროკავშირის სამოქალაქო მისია აზერბაიჯანთან საზღვრის გასწვრივ. აზერბაიჯანი დათანხმდა, ითანამშრომლოს აღნიშნულ მისიასთან იმდენად, რამდენადაც ეს მას შეეხება. მისია მუშაობას ოქტომბერში, მაქსიმუმ ორი თვის ვადით დაიწყებს. მისიის მიზანი იქნება ნდობის ჩამოყალიბება და სასაზღვრო კომისიებისთვის დახმარების გაწევა.
პრაღაში გამართული შეხვედრის შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა დაუშვა, რომ სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელი, გარკვეულ პირობებში, შესაძლოა, წლის ბოლომდე მოეწეროს.