აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო ხელშეკრულება შესაძლოა, წლის ბოლომდე გააფორმონ
აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი მიიჩნევს, რომ გარკვეულ პირობებში სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელია 2022 წლის ბოლომდე.
ამის შესახებ სააგენტო Interfax-Azerbaijan-ი იტყობინება.
„თუ სომხურ მხარეს ექნება ნება, მაშინ სამშვიდობო ხელშეკრულება შეიძლება, გაფორმდეს ამ წლის ბოლომდე. დრო გადის. მიუხედავად იმისა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა ნაყოფიერი არ იყო, მიმაჩნია, რომ ამგვარი შეხვედრა პოზიტიური ნაბიჯია. ვფიქრობ, თუ უახლოეს დროში იქნება მიღებული გადაწყვეტილება, თუ მხარეები დაიწყებენ მუშაობას სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე სამუშაო ჯგუფების ფარგლებში, მაშინ წლის ბოლოსთვის შეგვიძლია, მივაღწიოთ შეთანხმებებს“, – განაცხადა ალიევმა.