“ალიანსმაც უნდა აჩვენოს, რომ მას რუსეთის არ ეშინია” – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს ქვეყნებს მოუწოდა, „აჩვენონ, რომ რუსეთის არ ეშინიათ“.
ამის შესახებ მან ავსტრალიის Lowy Institute-თან მიცემულ ვიდეო ინტერვიუშიგანაცხადა, – წერს The Guardian-ი.
ზელენსკის ჰკითხეს, მიიღო თუ არა პასუხი ნატო-სგან და რამდენად სწრაფად ელოდება, რომ ალიანსს უკრაინის წევრობის განაცხადზე რეაგირება ექნება.
ზელენსკიმ თქვა, რომ დღეს მნიშვნელოვანია „უსაფრთხოების გარანტიების შექმნა მთელი მსოფლიოსთვის, ისე – რომ არავის აზრადაც კი არ მოუვიდეს, გახდეს ავტოკრატი და თუნდაც ავტოკრატი იყო, არც უნდა გაიფიქრო, რომ შეგიძლია, დაიპყრო სხვისი ტერიტორიები ან ხალხები”.
“ამისთვის თქვენ უნდა იყოთ ერთიანი და მე ვფიქრობ, რომ უკრაინის გარეშე ნატო არ არის ისეთი ძლიერი ალიანსი, განსაკუთრებით – ევროპის კონტინენტზე. ვფიქრობ, რომ ეს ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია აღმოსავლეთ ევროპაში ძალაუფლებისთვის. ჩვენ შეგვიძლია, შემოგთავაზოთ ეს შანსი, ნატო-ს. ჩვენ მადლობელი ვართ ნატო-ს მხარდაჭერისთვის. ჩვენ ვაძლევთ ამ შესაძლებლობას ძალიან მნიშვნელოვან მომენტში“, – განაცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ნატო-ს პარტნიორებს მოუწოდა, უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით მონდომება გამოიჩინონ.
„არა მარტო უკრაინამ უნდა უჩვენოს რუსეთს საკუთარი ძლიერი მხარეები, არამედ ალიანსმაც უნდა აჩვენოს, რომ არ ეშინია რუსეთის. ეს კითხვა ნატო-ს ეკუთვნის. მაგრამ ვიცი, ყველას ესმის, რომ საჭიროა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ გზაზე ვართ. ჩვენ აუცილებლად მივყვებით ამ გზას. რამდენად სწრაფად მოხდება ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, მხოლოდ უკრაინაზე არ არის დამოკიდებული“, – დასძინა უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა.