The New York Times: აშშ-ში მიიჩნევენ, რომ დარია დუგინას მკვლელობის უკან უკრაინის ხელისუფლება დგას

ამერიკული სადაზვერვო სააგენტოები მიიჩნევენ, რომ კრემლის პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას მკვლელობა უკრაინის ხელისუფლების მიერ განხორციელებული ფარული ოპერაციის შედეგი იყო, – ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, შეერთებული შტატების მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ  ისინი ოპერაციის მომზადების შესახებ ინფორმირებული არ ყოფილან. ამასთან, ზოგიერთი მათგანი ვარაუდობს, რომ ოპერაციის მთავარი სამიზნე ალექსანდრ დუგინი იყო.

მედიის ცნობით, უკრაინული მხარე მკვლელობაში მათ ჩართულობას უარყოფს და აცხადებს, რომ დუგინას მსგავსი პირი უკრაინისთვის ტაქტიკურ ან სტრატეგიულ სამიზნეს არ წარმოადგენს.

„ომის დროს ნებისმიერ მკვლელობას ამა თუ იმ ქვეყანაში უნდა ჰქონდეს რამე პრაქტიკული მნიშვნელობა. ის უნდა ემსახურებოდეს რამე ტაქტიკურ ან სტრატეგიულ მიზანს. დუგინას მსგავსი პირი არ წარმოადგენს უკრაინისთვის ტაქტიკურ ან სტრატეგიულ სამიზნეს. ჩვენ გვაქვს სხვა სამიზნეები უკრაინის ტერიტორიაზე. ვგულისხმობ კოლაბორაციონისტებს და რუსეთის სამხედრო მეთაურობის წარმომადგენლებს, რომლებიც შესაძლოა, ღირებული იყვნენ ჩვენი სპეცსამსახურებისთვის, თუმცა ნამდვილად არა დუგინა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა.

შეგახსენებთ, რომ რუსი პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის მანქანა მოსკოვში 20 აგვისტოს ააფეთქეს, რომელშიც მისი შვილი – დარია დუგინა იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები