ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტის დეტალები შეათანხმეს
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმდნენ. მერვე პაკეტი დაკავშირებული იქნება რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების უკანონო ანექსიასა და ფსევდორეაენდუმების ჩატარებასთან.
ამის შესახებ “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტმა, რიკარდ იოზვიაკმა Twitter-ზე დაწერა.
„ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტის ყველა დეტალი შეათანხმეს და დაიწყო ე.წ. წერილობითი პროცედურა, რომელიც ხვალ, 6 ოქტომბერს, დილის 10:00 საათზე დასრულდება. ამიტომ, ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში ჩანაწერი ხვალ გაკეთდება“, – დაწერა მან.
მოგვიანებით, ინფორმაცია ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაადასტურა.
“მივესალმები წევრი ქვეყნების დღევანდელ შეთანხმებას სანქციების მე-8 პაკეტთან დაკავშირებით. ჩვენ ვიმოქმედეთ სწრაფად და გადამწყვეტად. ჩვენ არასოდეს დავთანხმდებით პუტინის ყალბ რეფერენდუმებზე ან უკრაინის ნებისმიერ ანექსიაზე. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, კრემლს საფასური მომავალშიც გადავახდევინოთ”, – დაწერა მან Twitter-ში.