თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებმა გორში განთავსებული სამხედრო ობიექტები მოინახულეს

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და კომიტეტის წევრებმა, გიორგი ხელაშვილმა, ალექსანდრე ელისაშვილმა, დევი ჭანკოტაძემ და თემურ ჯანაშიამ პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, პირველი ქვეითი ბრიგადის ბატალიონები და საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია მოინახულეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილების დათვალიერებისას, კომიტეტის წევრები სამხედრო მოსამსახურეთა მომზადების და სწავლების მეთოდებს, სამხედრო ინფრასტრუქტურას, კვებით რაციონს და საბრძოლო ტექნიკის ავტოპარკს ადგილზე გაეცნენ და ოფიცრებსა და სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდნენ. კომიტეტის წევრებმა ბატალიონებში არსებული მდგომარეობა დადებითად შეაფასეს.

„პირველი ბრიგადის ბაზაზე არსებული სამხედრო ინფრასტრუქტურა და სასწავლო პროცესი შთამბეჭდავია. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი თავდაცვის და შეიარაღებული ძალების ოფიცრები, სერჟანტები და რიგითები ძალიან კარგ პირობებში არიან, ეს შეეხება როგორც კვებას, ასევე სამხედროების ტანსაცმელს და ინფრასტრუქტურას. ამის მიუხედავად, ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის მეტ დაფინანსებას, მეტ შეიარაღებასა და აღჭურვილობას ვისურვებდი”, – განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.

კომიტეტის წევრის, დევი ჭანკოტაძის შეფასებით, მნიშვნელოვანი იყო სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრა, რადგან მისთვის საინტერესო იყო გასცნობოდა ქართველი ჯარისკაცების სულისკვეთებას და პირადი შემადგენლობის დაკომპლექტებას.

„მეთაურებთან და ოფიცრებთან შეხვედრის შემდეგ დავრწმუნდი, რომ სამხედროებს მაღალი სულისკვეთება აქვთ. ამიტომ, ადგილზე ნანახით ძალიან კმაყოფილი ვარ და ჯარი მზადყოფნაშია ნებისმიერი საბრძოლო ამოცანა შეასრულოს”, – აღნიშნა კომიტეტის წევრმა.
კომიტეტის წევრებმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების მემორიალი, პარლამენტის სახელით, გვირგვინით შეამკეს. დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამებზე, იუნკრებისთვის შექმნილ პირობებზე, უმაღლესი სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულების შექმნის ისტორიასა და სამომავლო გეგმებზე აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა, მამია ბალახაძემ კომიტეტის წევრებისთვის საინფორმაციო ბრიფინგი გამართა.
დეპუტატებმა სასწავლო-საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, სტუდენტებისთვის გათვლილი საერთო საცხოვრებელი, საკვები და რეკრეაციული სივრცეები, ბიბლიოთეკა და საბრძოლო სიმულაციური ოთახები მოინახულეს. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სამხედრო ობიექტების მონახულების შემდეგ მათ უმაღლესი შეფასება მისცა და განაცხადა, რომ გორში განთავსებული სამხედრო ობიექტები არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მსოფლიოს მასშტაბის ინფრასტრუქტურად შეიძლება ჩაითვალოს. მისივე თქმით, მეთაურთა, ოფიცერთა და სერჟანტთა შემადგენლობის ცოდნის და მომზადების დონე მაღალ შეფასებას იმსახურებს და როგორც შეიარაღებული ძალების ნაწილში, ასევე თავდაცვის აკადემიაში ყველა პირობაა შექმნილი, რომ სამხედრო მოსამსახურეებმა და მომავალმა ოფიცრებმა ღირსეულად ისწავლონ და იმსახურონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები