„მოსკოვში იყო ორკესტრირებული და უკრაინელი ხალხის ნებას არ ასახავს“ – ბლინკენი უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმებზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმები მოსკოვში იყო ჩაწყობილი და უკრაინელი ხალხის ნებას არ ასახავს.

მისი თქმით, რუსეთმა მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომ ტერიტორიებიდან გაქცეულიყო, ნაწილს კი ხმის მიცემა დაშინების გზით აიძულა.

„შეერთებული შტატები არ აღიარებს და არც არასდროს აღიარებს ამ ფიქტიური რეფერენდუმის ან რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის სავარაუდო ანექსიის ლეგიტიმურობას ან შედეგს. რუსეთის მარიონეტების მიერ ჩატარებული ეს სპექტაკლი არალეგიტიმურია და საერთაშორისო სამართალს არღვევს. ეს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების პრინციპების შეურაცხყოფაა.

რუსეთმა მოსახლეობის დიდი ნაწილი აიძულა იმ ტერიტორიებიდან გაქცეულიყო და უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც დარჩნენ იარაღის მუქარით, მათი და საყვარელი ადამიანების დაშინებით აიძულა, რომ ხმა მიეცათ. უკრაინის ხალხი მუდმივად გამოხატავს თავის სურვილს თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისთვის. მათ სურთ, რომ მათი ქვეყანა დარჩეს დამოუკიდებელი და სუვერენული. მათი ჯარისკაცები გაბედულად იბრძვიან და რუსეთის მიერ კონტროლირებად ან ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე მოქალაქეები ეწინააღმდეგებიან მოსკოვის მცდელობებს შეცვალოს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები უხეში ძალის გამოყენებით“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

როგორც მან აღნიშნა, აშშ და პარტნიორები უკრაინის დახმარებას რუსული აგრესიისგან მისი ტერიტორიის დაცვაში კვლავ გააგრძელებენ.

„შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები გააგრძელებენ უკრაინის დახმარებას რუსული აგრესიისგან მისი ტერიტორიის დასაცავად ბრძოლაში. ჩვენ მთელი გულით ვუჭერთ მხარს უკრაინის ერთიანობას, სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ ამ ტერიტორიებს, როგორც სხვა ქვეყნის ნაწილად, გარდა უკრაინისა და ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები