ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა მერვე პაკეტი წარადგინა

ევროკომისიამ, უკრაინაში შეჭრისა და “რეფერენდუმის” ჩატარების გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი წარადგინა.

ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქით, მობილიზება და ბირთვული იარაღით მუქარა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ესკალაციის შემდეგი ნაბიჯია.

“ჩვენ არ ვაღიარებთ ფსევდორეფერენდუმებს და რაიმე ანექსიას უკრაინაში და ვაპირებთ, რომ კრემლმა ამის გამო საფასური გაიღოს“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, ევროკომისია გამოდის წინადადებით რუსული პროდუქციის იმპორტზე ახალი აკრძალვის დაწესებაზე, რაც რუსეთს 7,5 მილიარდი ევროს ოდენობის შემოსავლით დააზარალებს.

ასევე, შეთავაზებულია პროდუქციის სიის გაფართოება, რომელთა ექსპორტი რუსეთში გახდება შეუძლებელი. ეს ეხება, კერძოდ, საავიაციო და ელექტრონული კომპონენტების დამატებით მასალებს, აგრეთვე, სპეციფიკურ ქიმიურ ნაერთებს.

„ჩვენ ასევე ვთავაზობთ რუსეთისთვის დამატებითი სერვისების აკრძალვას და ევროკავშირის მოქალაქეებს – სახელმწიფო კომპანიებში მაღალი თანამდებობების დაკავებას“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიამ ასევე შესთავაზა რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის დაწესების სამართლებრივი საფუძველი.

ფონ დერ ლაიენმა გაიხსენა, რომ ევროკავშირი უკვე დათანხმდა, 15 დეკემბრიდან აიკრძალოს რუსული ნავთობის მიწოდება საზღვაო გზით. მაგრამ, მისი თქმით, განვითარებად ქვეყნებს ნავთობი დაბალ ფასებში სჭირდებათ. ამიტომ, G7 ქვეყნებმა მიაღწიეს პრინციპულ შეთანხმებას ფასების შეზღუდვის შესახებ.

„ფასის ზღვარი, ერთი მხრივ, შეამცირებს რუსეთის შემოსავალს და, მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს გლობალური ენერგეტიკული ბაზრის სტაბილურობას“, – განაცხადა მან.

გარდა ამისა, ბრიუსელი აწესებს სანქციებს იმ პირებისთვის, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.

“მაგალითად, ადამიანები, რომლებიც ყიდულობენ საქონელს ევროკავშირში, გადააქვთ ის მესამე ქვეყნებში და შემდეგ – რუსეთში, შესაძლოა, თავად გახდნენ სანქციების ობიექტი”, – განმარტა ფონ დერ ლაიენმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები