დაცული ტერიტორიების სააგენტოში საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა
დაცული ტერიტორიების სააგენტოში, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით, საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა. საბჭოს მიერ განხილული ძირითადი საკითხები მოიცავდა რაჭისა და შიდა ქართლის რეგიონებში ახალი დაცული ტერიტორიების დაარსებას, მტირალას ეროვნული პარკის დემარკაციას, ასევე პირიქითა ხევსურეთის ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის დაარსების შესაძლებლობებს.
საბჭოს წევრებს შორის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლების გარდა, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან, მათ შორის, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), სახეობათა კონსერვაციის ცენტრი „ნაკრესი“, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი – CENN, „საბუკო“, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი – REC Caucasus.
საბჭოს წევრებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს რაჭაში ეროვნული პარკის დაარსების საკითხზე. აღინიშნა, რომ რაჭის რეგიონში დაცული ტერიტორიების შექმნა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
„რაჭის დაცული ტერიტორიების დაარსების შედეგად, უზრუნველყოფილი იქნება რეგიონში არსებული ბიომრავალფეროვნების, ლანდშაფტებისა და ეკოსისტემების დაცვა/შენარჩუნება და ასევე განვითარდება ეკოტურიზმი, რაც დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.
აღინიშნა, რომ სამომავლოდ გაგრძელდება რაჭის რეგიონში დაცული ტერიტორიების გაფართოების მიმართულებით მუშაობა, როგორც ონის, ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ფარგლებში. დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკონსულტაციო საბჭო არის სათათბირო ორგანო, რომელშიც, არასამთავრობო სექტორის ჩართულობით, მაქსიმალური გამჭვირვალობით განიხილება დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები, ასევე პრობლემურ საკითხებზე ერთობლივი ღონისძიებები ტარდება, უზრუნველყოფილია საზოგადოების ჩართულობა, მათი მონაწილეობის მექანიზმების გაუმჯობესება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.