“ნატო უკრაინას უწევს დახმარებას და ეს ომში მონაწილეობას არ ნიშნავს” – სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, თუ საერთაშორისო საზოგადოებას უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე სათანადო რეაქცია არ ექნება, საფრთხე არა მხოლოდ უკრაინისთვის, სხვა ქვეყნებისთვისაც გაიზრდება.

მისი თქმით, ევროპაში ფართომასშტაბიანი ომი თავიდან უნდა იყოს აცილებული.

„პუტინის და ყველა ავტორიტარული ლიდერისთვის ეს იქნება ნიშანი იმის, რომ თუ ისინი გამოიყენებენ სამხედრო ძალას, დაარღვევენ საერთაშორისო სამართალს ისინი მიიღებენ იმას, რაც სურთ. ეს ცუდია უკრაინისთვის, მაგრამ ასევე ცუდია ჩვენთვისაც. ამიტომ ვაძლიერებთ უკრაინის მხარდაჭერას. რუსეთი ენერგორესურსებს იყენებს პოლიტიკურ იარაღად, ენერგორესურსებს იყენებს სამხედრო კონფლიქტის დროს ინსტრუმენტად. გაზრდილია ფასები ენერგორესურსებზე, გაზრდილია ინფლაცია. პირველი და უმთავრესი გზავნილი უკრაინის ძლიერი მხარდაჭერაა. მეორე გზავნილია – გავაკეთოთ ყველაფერი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. ის ომი, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს, ცუდია და არის უკრაინელი ხალხის ტრაგედია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ფართომასშტაბიანი ომი ნატო-სა და რუსეთს შორის კიდევ უფრო ცუდი იქნება. ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ ევროპაში ფართომასშტაბიანი ომი. ჩვენ ამას ვაკეთებთ, რადგან ნატო-ს წევრები არ არიან ომის მონაწილეები. ჩვენ უკრაინას ვეხმარებით, დაიცვას საკუთარი ტერიტორია, რისი უფლებაც ქვეყანას გაერო,ს წესდების მიხედვით აქვს. ნატო-ს ჯარები არ დგანან უკრაინაში, ნატო,ს თვითმფრინავები არ არიან ჰაერში. ნატო უკრაინას უწევს დახმარებას და ეს ომში მონაწილეობას არ ნიშნავს. პუტინს სურს, წარმოაჩინოს, რომ ეს არის ომი რუსეთს და ნატო-ს, დასავლური სამყაროს შორის. ეს არ არის ნატო-სა და რუსეთს შორის ომი. ეს არის რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. თავიდან უნდა ავიცილოთ კონფლიქტის ესკალაცია ნატო-ს ტერიტორიაზე რუსეთისთვის ძალიან მკაფიო სიგნალის გაგზავნით. თუ აგრესია განხორციელდება ნატო,ს წევრ ქვეყანაზე, მაშინ ეს გამოუწვევს ალიანსის პასუხისმგებლობას. ჩვენ გავზარდეთ ნატო-ს სამხედრო ძალების რაოდენობა, განსაკუთრებით, აღმოსავლეთით. ამას ვაკეთებთ არა კონფლიქტის გამოსაწვევად, არამედ – კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. ნატო-ს ამოცანა მშვიდობის უზრუნველყოფაა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები