სექსუალური ძალადობა და სიკვდილით დასჯა – გაერომ უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

გაეროს სადამკვირვებლო მისიამ, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში, თითქმის, 15 000 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე დააფიქსირა.

გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, მატილდა ბოგნერის განცხადებით, უკრაინაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებული 34-ე მოხსენება 2022 წლის 1-ელი თებერვლიდან 31 ივლისამდე პერიოდს მოიცავს.

ანგარიში შედგება 78 ადგილზე განხორციელებული ვიზიტის, დაკავების ადგილებში 20 ვიზიტის, მსხვერპლთა და მოწმეთა 1 000-ზე მეტი ინტერვიუსა და სხვადასხვა წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციებისგან.

ბოგნერის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან, მიმდინარე კვირის ჩათვლით, დაფიქსირებულია გარდაცვალების 5 996 შემთხვევა, ხოლო დაშავებულია 8 848 ადამიანი. დაღუპულთა შორის 382 ბავშვია.

მისივე თქმით, ეს არის დადასტურებული შემთხვევები, თუმცა, რეალური რიცხვები გაცილებით მაღალია.

გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა იძულებითი გაუჩინარებისა და თვითნებური დაკავების 407 შემთხვევა, საიდანაც 18 ადამიანი შემდგომში გარდაცვლილი იპოვეს.

მან ასევე განაცხადა, რომ საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა გაუპატიურების 9 შემთხვევა – 8 ქალისა და ერთი ბავშვის, სექსუალური ძალადობის 15 შემთხვევა მამაკაცებზე და 11 საჯაროდ გაშიშვლების იძულებითი შემთხვევა.

ბოგნერის ინფორმაციით, ძალადობის 30 შემთხვევა რუსეთის ძალების მიერ იქნა ჩადენილი, ორი უკრაინის უსაფრთხოების ძალების მხრიდან განხორციელდა, ხოლო 11 ფაქტი სამოქალაქო პირებმა ან უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის წევრებმა ჩაიდინეს.

გაეროს სადამკვირვებლო მისია ასევე შეშფოთებულია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიტყვის თავისუფლების გარშემო ვითარების გაუარესებით. როგორც ბოგნერი აღნიშნავს, რუსეთის კანონმდებლობის გამოყენებამ დაუსაბუთებლად შეზღუდა აზრის გამოხატვის უფლება.

ამასთან, ბოგნერმა განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედრო ტყვეები რუსული ძალების და მათთან დაკავშირებული შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯას, სექსუალურ ძალადობას და სხვა შეურაცხყოფას ექვემდებარებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები