ირანში საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე, 76-მდე გაიზარდა

ირანში, 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე, 76-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ნორვეგიაში დაფუძნებულ ირანის ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული ორგანიზაცია ხელისუფლებას არაპროპორციული ძალისა და განსხვავებული აზრის ჩასახშობად ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, დაღუპულთა რაოდენობა 41-ია, მათ შორის რამდენიმე ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელია. ამასთან, დაკავებულია ასობით ადამიანი, მათგან 20 ჟურნალისტი.

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი ირანის ხელისუფლების მხრიდან აქციის მონაწილეებზე განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების გამო შეშფოთებულია და მას მოუწოდებს, პატივი სცენ მშვიდობიანი პროტესტის უფლებას.

ცნობისთვის, 22 წლის მაჰსა ამინი 13 სექტემბერს სპეციალურმა „მორალის პოლიციამ“ ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დააკავა. როგორც ცნობილია, მაჰსა ამინის ორი საათის განმავლობაში აწამებდნენ, მას თავში სასტიკად ურტყამდნენ და აშინებდნენ. ამინის ტვინისა და გულის შეტევა დაემართა და კომაში ჩავარდა. ის საავადმყოფოში 16 სექტემბერს გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები