ქვეყნები, რომლებიც უარს ამბობენ უკრაინის გვერდით დგომაზე რუსეთის წინააღმდეგ ომში, ახალი რუსული იმპერიალიზმის „თანამონაწილეები“ არიან, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე, – წერს Politico.
„ისინი, ვინც დღეს ჩუმად არიან, ემსახურებიან – საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ თუ ფარულად გარკვეული თანამონაწილეობით – ახალი იმპერიალიზმის საქმეს“, – თქვა პოლიტიკოსმა.
მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია ნიშნავს “იმპერიალიზმისა და კოლონიების ეპოქაში დაბრუნებას” და მსოფლიო არჩევანის წინაშე დგას “ომსა და მშვიდობას” შორის.
მაკრონი ამბობს, რომ იმ დროს, როდესაც დასავლელი მოკავშირეები, როგორიცაა საფრანგეთი, დგანან ერთიან ფრონტზე რუსეთის წინააღმდეგ, აფრიკასა და აზიაში პასუხი უფრო თავშეკავებული იყო.
მისი თქმით, ზოგიერთ ქვეყანას არ სურს, რუსეთის ქმედება ძალიან მკაცრად დაგმოს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ქვეყნებს, რომლებიც ომის შედეგად საკვებთან, ენერგიასა და მათ ეკონომიკასთან დაკავშირებით დაზარალდნენ, „უსამართლობის განცდა“ აქვთ.
„მაგრამ დღეს მინდა, მკაფიოდ ვთქვა, რომ ისინი, ვისაც არ სურს ცალსახად პოზიციის დაფიქსირება, შეცდომას უშვებენ და მათ ისტორიული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ”, – თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მაკრონმა თავის გამოსვლაში ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთი დააფინანსებს სომალიში უკრაინული ხორბლის ტრანსპორტირებას გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამასთან პარტნიორობით.