უკრაინის მოსაზღვრე, რუსეთის რეგიონებში შესაძლოა, საომარი მდგომარეობა გამოცხადდეს, – განუცხადა რუსულ მედიას რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ანდრეი კარტაპოლოვმა.
მისი თქმით, საუბარია რუსეთის ფედერაციის სუბიექტებზე, რომლებიც „თითქმის ყოველდღიურად ექვემდებარებიან დაბომბვას“.
„საომარი მდგომარეობის დროს რეგიონში ძალაუფლება მთლიანად გადადის სამხედრო ადმინისტრაციაზე, წესდება შეზღუდვები მოქალაქეების გადაადგილებაზე – იგივე კომენდანტის საათი, – კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების მუშაობის სპეციალური რეჟიმი, შესვლისა და გასვლის აკრძალვა და ასე შემდეგ. აქ, ფაქტობრივად, ეს ყველაფერი მოხდება“, – განაცხადა კარტაპოლოვმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რომლის ფარგლებში, როგორც თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, 300 ათასი რეზერვისტი იქნება გამოძახებული.