უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს მის მიერვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმი აქვს დაგეგმილი, კიევი საკუთარი ტერიტორიების გათავისუფლებას გააგრძელებს.
ამის შესახებ მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა.
“ფიქტიური” რეფერენდუმები” ვერაფერს შეცვლიან ისევე, როგორც არანაირი ჰიბრიდული “მობილიზაცია”. რუსეთი იყო და რჩება აგრესორად, რომელიც უკანონოდ იკავებს უკრაინის მიწის ნაწილს”, – დაწერა მინისტრმა.
კულებამ დასძინა, რომ უკრაინას აქვს სრული უფლება, გაათავისუფლოს თავისი ტერიტორიები და გააგრძელებს ამის გაკეთებას, „რასაც არ უნდა ამბობდეს რუსეთი“.
დონეცკის და ლუგანსკის ე.წ.სახალხო რესპუბლიკებში, ასევე, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში რუსეთთან მიერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმი 23-27 სექტემბერს ჩატარდება.