ქუთაისში “საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალში თითქმის 3 საათზე მეტია უკვე შეიარაღებულ პირს მძევლები ჰყავს აყვანილი. ის 2 მილიონ ამერიკულ დოლარს, ვერტმფრენს, “სპრინტერის” ფირმის მანქანას, რუსეთის დროშასა და ანკესს ითხოვს.
“საქართველოს ბანკში” შეიარაღებული ადამიანის შეჭრის შესახებ ცნობა მედიაში დაახლოებით 11:00 საათისთვის გავრცელდა.
თვითმხილველების თქმით, ბანკში შეჭრიდან მალევე, მძარცველმა გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა.
შსს-ის ინფორმაციით, შენობაში 12 ადამიანია მძევლი.
თავდამსხმელი სამართალდამცავებთან საკონტაქტოდ მძევლად აყვანილ ადამიანებს იყენებს, მათ შორის, ამავე ბანკის თანამშრომელს.
დადასტურებით შეიძლება ითქვას, რომ მძევლად აყვანილი ადამიანებიდან ორი “საქართველოს ბანკის” თანამშრომელია: ერთ-ერთი მარიამ სანებლიძეა, მეორე კი ჟანა გუმბერიძე, რომლის Facebook-გვერდითაც ვიდეოები ვრცელდება.
მძევლებს შორის, სავარაუდოდ, დედა-შვილიც არის – ვიდეომასალაში ისმის ერთი ქალის ხმა, რომელიც ელაპარაკება, სავარაუდოდ, სამართალდამცავს და უხსნის, რომ “ერთი შვილი მკვდარი მყავს და მეორესაც ნუ მოაკვლევინებ, ამ ღვთისნიერ ადამიანს მიეცი თავისი, მოდი დროზე”.
ადგილზე სპეცოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება. მობილიზებულია შსს-ს შესაბამისი დანაყოფები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ოთხი მუხლით დაიწყო.
უწყების ცნობით, გამოძიება დაწყებულია სკკ-ის 144-ე – (მძევლად ხელში ჩაგდება);
236-ე – (საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება);
323-ე – (ტერორისტული აქტი) და 329-ე –
(მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) მუხლებით.
რაც შეეხება ბანკის პოზიციას, ის ჯერჯერობით, უცნობია. ამ დროისთვის არც “საქართველოს ბანკს” გაუვრცელებია განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით და არც მის წარმომადგენელს გაუკეთებია კომენტარი.