დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II-ს პრინც ფილიპის გვერდით, უინძორში, მეფე ჯორჯ VI-ის მემორიალურ სამლოცველოში დღეს დაკრძალავენ.
სახელმწიფო დაკრძალვას 500-მდე უცხოელი მაღალჩინოსანი დაესწრება, მათ შორის, მსოფლიო ლიდერები და სახელმწიფოების წარმომადგენლები.
ცერემონიის მთავარი ნაწილი ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართება, რომელიც 2200-მდე ადამიანს იტევს. ცერემონიას სამეფო ოჯახის წევრები, ბრიტანელი პოლიტიკოსები და მთელი მსოფლიოდან სახელმწიფოს ლიდერები დაესწრებიან, მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტი და პირველი ლედი – ჯილ და ჯო ბაიდენები.
ცერემონიაზე არ არიან მიწვეული რუსეთის, ბელარუსის, სირიის, ვენესუელას, ავღანეთისა და მიანმარის წარმომადგენლები.
დედოფალი 9 სექტემბერს 97 წლის ასაკში გარდაიცვალა, რის შემდეგაც ახალი მეფე მისი უფროსი ვაჟი – ჩარლზ III გახდა. ელისაბედ II შოტლანდიის ციხესიმაგრეში ბალმორალში გარდაიცვალა, ხოლო 12 სექტემბერს მისი ნეშტი ედინბურგში, მონარქის ოფიციალურ რეზიდენციაში გადაიტანეს.
13 სექტემბერს კუბო ბუკინგემის სასახლეში გადაიტანეს, ხოლო 14 სექტემბრის საღამოს ვესტმინსტერის სასახლეში მოათავსეს.
მონარქთან დამშვიდობების სურვილს ათასობით მოქალაქე გამოთქვამდა, ბრიტანელებს რიგში დგომა 16-24 საათის განმავლობაში უწევდათ.
ბრიტანეთში დასვენების დღეა.
დედოფლის დაკრძალვის დეტალები:
ადგილობრივი დროით 06:30 დედოფლის გამოსამშვიდობებელი საჯარო ნაწილი დასრულდება;
10:44 საათზე – დაკრძალვის პროცესია ვესტმინსტერის სასახლიდან ვესტმინსტერის სააბატოში გაემართება;
11:00 საათზე – სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონია დაიწყება;
დაახლოებით, 12:00 საათზე სამგლოვიარო წირვა დასრულდება, მისი დასრულებისთანავე – მთელ ბრიტანეთში ორწუთიანი დუმილი გამოცხადდება;
12:00 საათიდან -13:00 საათამდე გაიმართება მსვლელობა დედოფლის კუბოთი ველინგტონის თაღისკენ, შემდეგ კი სასახლეს კატაფალკაზე მოათავსებენ საიდანაც ის ვინძორში გაემართება;
15:06-დან – 15:52 საათამდე ვინძორის სასახლეში ახალი მსვლელობა გაიმართება: მეფე ჩარლზ III, დედოფალი კონსორტ კამილა და სამეფო ოჯახის სხვა წევრები მსვლელობას შეუერთდებიან, და კუბოს წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში მიაცილებენ.
16:00 საათზე – გაიმართება კიდევ ერთი სამგლოვიარო ცერემონია, რომელსაც 800-მდე ადამიანი დაესწრება – ამ შემთხვევაში ცერემონიას არა მაღალი რანგის სტუმრები დაესწრებიან, არამედ ის ადამიანები, რომლებიც დედოფალს ახლოს იცნობდნენ, მათ შორის, მისი პირადი პერსონალი და მისი მამულების თანამშრომლები;
შემდეგ, დაახლოებით, 17:30 საათზე – დედოფალს მეფე გიორგი VI-ის მემორიალურ სამლოცველოში დაკრძალავენ, რასაც დაესწრებიან მხოლოდ სამეფო ოჯახის წევრები.
საქართველოდან დედოფლის დაკრძალვის ცერემონიას პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დაესწრება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი დაკრძალვის სახელმწიფო ცერემონიასა და მიღებას დაესწრება, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივნის სახელით გაიმართება. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აგრეთვე, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის სპიკერთან.