პარლამენტში 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე განხილვა გრძელდება
პარლამენტში „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” განხილვა გრძელდება. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების” წევრები ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს შეხვდნენ.
მინისტრის პირველმა მოადგილემ დეპუტატებს მთავარ ფინანსურ დოკუმენტში შესატანი ძირითადი ცვლილებები გააცნო და ეკონომიკურ ტენდენციებზე ისაუბრა.
„არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, შევცვალეთ წლიური პროგნოზები. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იქნება თავდაპირველად დაგეგმილზე უფრო მაღალი – 8,5%, ასევე გვაქვს დამატებითი შემოსავლები, რომელსაც ორი მიმართულებით ვანაწილებთ.
პირველი და მნიშვნელოვანი არის ბიუჯეტის დეფიციტის და ვალის შემცირება. დაახლოებით 700 მლნ ლარით მცირდება დაგეგმილი ვალის აღება. მეორე მიმართულება არის იმ აუცილებელი ხარჯების დაფინანსება, რომელიც ქვეყანას ვალდებულებად აქვს აღებული. ეს არის ბავშვთა სოციალური დაცვის მიმართულება, სოციალურად დაუცველთა დასაქმება, სოფლის მეურნეობის განვითარება, ინფრასტრუქტურა, პოლიციელებისა და ჯარისკაცების სოციალური გარანტიების უზრუნველყოფა და ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის”, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
ფრიდონ ინჯიას განცხადებით, „ევროპელი სოციალისტები” მხარს უჭერს სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებს, რადგან ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 1 266,0 მლნ ლარის ოდენობით იზრდება.
„ეს საკმაოდ დიდი თანხაა და ბიუჯეტის ზრდა მისასალმებელია. თუმცა, მნიშვნელოვანია, როგორ გადანაწილდება ეს დამატებითი შემოსავალი. ამ მიმართულებით შესაძლებელია, არსებობდეს გარკვეული კითხვები. თანხის გადანაწილებისას, პირველ რიგში უნდა იყოს გათვალისწინებული ის საჭიროებები, რომელიც მიმდინარე წელს გამოჩნდა”, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ.