რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით ტრენინგი გაიმართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ ტრენინგი ქვემო ქართლის რეგიონის მედიასაშუალებების წარმომადგენლებისა და მუნიციპალიტეტების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების თანამშრომლებისთვის გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტრენინგის მონაწილეები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილ და მიმდინარე ღონისძიებებს გაეცნენ. ტრენინგი ჩატარდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს, გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორიგნის დეპარტამენტის და სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების ჩართულობით, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ აღნიშნული მიმართულებით პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და გარემოსდაცვითი კანონაღსრულების პროცესებში. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ჰაერის ძირითადი დამაბინძურებლების, დაბინძურების წყაროების სახეების და ძირითადი დამაბინძურებელი სექტორების შესახებ, ასევე, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის ზოგადი პრინციპების და საქართველოში არსებული პრაქტიკის შესახებ.

მონაწილეები გაეცნენ ქვეყანაში არსებული ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მეთოდებს – ავტომატური სადგურებისა და ინდიკატორული გაზომვების მუშაობის პრინციპებს, მონიტორინგის ქსელსა და ინფრასტრუქტურას, რომელთა საშუალებითაც ხორციელდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით და უშუალოდ ქვემო ქართლში. ტრენინგის მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის შესახებ, რომლის თანახმადაც, გარკვეული სახის საქმიანობის განმახორციელებლები ვალდებულნი არიან აწარმოონ უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგი და დარეგისტრირდნენ მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის ელექტრონულ სისტემაში.
შეხვედრა რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის (2020-2022) ფარგლებში ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები