ვახტანგ გომელაურის თქმით, ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურის შექმნის დღის ღონისძიებას ამერიკის, ბრიტანეთისა და სხვადასხვა ქვეყნის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ბრალდებებს, რომ თითქოს ის სხვადასხვა დროს ბელარუსსა და აზერბაიჯანში ეფესბეს წარმომადგენლებს პირისპირ შეხვდა, კატეგორიულად უარყოფს.
“იყო 100 წლისთავი, იყო იუბილე და იყო ყველა, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული იყო პირველი ან მეორე პირები, რომლებიც ულოცავდნენ ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურს შექმნის დღეს. ასევე იყო აზერბაიჯანშიც, სადაც ჩავედით ჩვენ”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მინისტრმა განმარტა, რომ აღნიშნულ ღონისძიებებს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
“ხელმძღვანელობა ჩამოსული იყო, მიულოცეს ბელარუსის ხელმძღვანელობას, ასევე იყო აზერბაიჯანშიც, ჩამოსულები იყვნენ, მიულოცეს, იქ იყვნენ ამერიკის წარმომადგენლებიც, ბრიტანეთის წარმომადგენლებიც, რუსეთიდანაც იყვნენ, კი ბატონო”, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
რაც შეეხება გოგაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, ვახტანგ გომელაური მცხეთის რაიონში ფლობს რესტორანს და რუსეთის წარმომადგენლებს მასპინძლობდა – მინისტრმა უპასუხა, რომ არც რესტორანს ფლობს და არც შეხვედრა ჰქონია.