აღსრულების ეროვნული ბიურო კახა კუკავასა და კიდევ 2 პირის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს

აღსრულების პოლიციის მიერ არაერთი გაფრთხილების შემდეგ დაკავებულია 3 პირი პოლიციელების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, სამსახურებრივი ავტომანქანის დაზიანებისა და გამოსახლების პროცესის ხელშეშლის გამო, – ამის შესახებ აღსრულების ეროვნული სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც უწყება ლოტკინის დასახლებაში გამოსახლების პროცესის დროს რამდენიმე პირის, მათ შორის, პარტია “თავისუფალი საქართველოს” ლიდერ კახა კუკავას დაკავების მიზეზებს განმარტავს.

“საქმე აღსრულების ეროვნულ ბიუროში შემოსულია 2019 წელს. გამოსახლების პროცესი პანდემიის პერიოდში შეჩერებული იყო, თუმცა, ამ სამი წლის განმავლობაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს სოციალური მუშაკებისა და მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერების ჩართულობით, მიმდინარეობდა შეხვედრები და მოლაპარაკებები მხარეებთან მათი მორიგებისა და საქმის ნებაყოფლობით დასრულების მიზნით. იყო შეთავაზებები კრედიტორის მხრიდან; კერძოდ, ის თანახმა იყო, მოვალეს გამოესყიდა უძრავი ქონება, ასევე, კრედიტორი სთავაზობდა მოვალეს საცხოვრებელი ფართის მცირე ნაწილს საჩუქრად, თუკი ის დანარჩენ ფართს ნებაყოფლობით დაცლიდა. მაგრამ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
კანონის თანახმად, აღსრულების პოლიცია ვალდებულია, აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება.

სამართლის აღსრულების მიზნით მიმდინარეობს გამოსახლების პროცესი. რაც შეეხება დაკავებულებს, აღსრულების პოლიციის მიერ არაერთი გაფრთხილების შემდეგ დაკავებულია 3 პირი პოლიციელების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, სამსახურებრივი ავტომანქანის დაზიანებისა და გამოსახლების პროცესის ხელშეშლის გამო. ეს არის იმ სახელმწიფო ინსტიტუტზე შეტევის მცდელობა, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში სამართლის აღსრულებაზე. დაკავებულები გადაყვანილი არიან თბილისის საქალაქო სასამართლოში”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები