საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ შეთანხმებებს მხარი დაუჭირა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა („KfW”), მაინის ფრანკფურტი და საქართველოს (წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მსესხებელი”), შორის სასესხო შეთანხმება განიხილა.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, შეთანხმება ითვალისწინებს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მიერ საქართველოსთვის 40 მლნ. ევროს ოდენობის სესხის 15 წლის ვადით გამოყოფას, მათ შორის, 5 წელი შეღავათიანია. საპროცენტო განაკვეთი ცვალებადია და დამოკიდებულია EURIBOR-ზე.
აღნიშნული თანხა მოხმარდება საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაციას ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით. პროექტის ფარგლებში, მოხდება ასევე 15,35 მლნ. ევროს ოდენობის გრანტის გამოყოფაც. კომიტეტის სხდომაზე „საქართველოსა (საქართველოს მთავრობა) და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2011 წლის 7 ოქტომბრის ფინანსური პროტოკოლის” №6 ცვლილების წერილ-შეთანხმება” განიხილეს. წარმოდგენილი ცვლილება ეხება ფრანგ მომწოდებლებსა და ქართველ მყიდველს შორის ხელმოწერილი კონტრაქტების რეგისტრაციის ვადის და საფრანგეთის ხაზინის მიერ გამოყოფილი სესხის და გრანტის ფარგლებში თანხების გამოთხოვის ვადის 2022 წლის 31 დეკემბრამდე გადაწევას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები