მიხეილ სარჯველაძე: „სტრატეგია აღმაშენებლის” ქმედებები ჰგავს სპორტსმენის ჭინჭყლობას, რომელიც ცდილობს, მის მიერ დაშვებული შეცდომა სხვას დააბრალოს

„სტრატეგია აღმაშენებლის” ქმედებები ჰგავს სპორტსმენის ჭინჭყლობას, რომელიც ცდილობს, მის მიერ დაშვებული შეცდომა სხვას დააბრალოს”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით განაცხადა.

“ყველას, ვისაც სურვილი აქვს, მონაწილეობა მიიღოს ამ პროცედურებში და გამოცადოს საკუთარი შესაძლებლობა, რომ გახდეს სახალხო დამცველი, შესაძლებლობა ექნება, პროცესში მონაწილეობა მიიღოს. ჩემი მოწოდებაა ყველას მიმართ, ვისაც მიაჩნია, რომ შეუძლია – საქართველოს სახალხო დამცველი იყოს, წარმოადგინოს განაცხადი და გაიაროს პროცედურები, რომლის მეშვეობითაც მოხდება შეფასება და შემდგომ შერჩევა კანდიდატების. დიდი იმედი მაქვს, შედეგად შევძლებთ ავირჩიოთ ყველაზე მეტად ოპტიმალური კანდიდატი თანამდებობაზე.
ნურავის ეწყინება, მაგრამ “სტრატეგია აღმაშენებელმა” უზარმაზარი შეცდომა დაუშვა. მგონია, რომ მას შემდეგ, რაც ამ პარტიამ ზურგი აქცია ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს, თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა და სამწუხაროდ, ძალა არ ეყოთ, რომ თამაშის სამართლიან წესებს დამორჩილებოდნენ. დაახლოებით ეს ყველაფერი ჰგავს სპორტსმენის ჭინჭყლობას, რომელიც ცდილობს, მის მიერ დაშვებული შეცდომა სხვას დააბრალოს,”- განაცხადა სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტი დღეიდან სახალხო დამცველის კანდიდატთა შერჩევის პროცესს იწყებს. შესაბამისი ბრძანება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა უკვე გამოსცა.

მანამდე, სახალხო დამცველის შერჩევის წესის შესახებ ცვლილებებზე “სტრატეგია აღმაშენებელში” აცხადებდნენ, რომ პროცესს სკეპტიკურად უყურებენ და მონაწილეობა არცერთ ეტაპზე არ მიუღიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები