რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ანგარიში მოისმინა

„2012 წლიდან დღემდე, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, 29 ათასზე მეტ დევნილ ოჯახს, ახალი საცხოვრებელი გადაეცა”, – განაცხადა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე.

მინისტრის მოადგილემ დევნილთა საბინაო პირობების გაუმჯობესების, არსებული მდგომარეობისა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის უსაფრთხო და ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა სახელმწიფოს ურყევ პრიორიტეტს წარმოადგენს და მიუხედავად განხორციელებული სამუშაოებისა, დევნილ ოჯახთა განსახლება კვლავ გამოწვევას წარმოადგენს.

„სწორედ ამიტომ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დევნილთა განსახლების უპრეცენდენტოდ მასშტაბური პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში, 13 ათასს ოჯახს ახალი საცხოვრებელი გადაეცემა”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მისივე განცხადებით, 13 ათასი ოჯახიდან 7 ათასი ბინებს ახალაშენებულ კორპუსებში, 6 ათასი კი სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში განსახლდება. ორივე პროგრამის ბიუჯეტი კი 900 მილიონ ლარს შეადგენს. ილია ღუდუშაურმა კომიტეტის წევრებს ინფორმაცია „სოფლად სახლის” შესყიდვის პროექტზეც გააცნო. მისი ინფორმაციით, პროექტი 2014 წლიდან ხორციელდება და დღემდე უკვე 7618 სახლია შესყიდული.

„2022 წლის იანვრიდან დღემდე სააგენტომ სოფლად სახლი 1791 ოჯახს შეუსყიდა, რაც ჯამში 47 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს”, – განაცხადა მომხსენებელმა.
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი ზარქუას შეფასებით, დევნილი მოსახლეობის საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფოს მხრიდან მასშტაბური და შთამბეჭდავი პროექტები ხორციელდება და კომიტეტი სააგენტოს მიერ გაწეულ საქმიანობას დადებითად აფასებს. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ კომიტეტის სხდომაზე საქართველოს რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის სოციალური დაცვისა და დასაქმების შესახებ ინფორმაცია წარადგინა. მისი განცხადებით, მოწყვლადი ჯგუფებისთვის სოციალური მხარდაჭერა ხელისუფლების ერთ-ერთია პრიორიტეტია და შესაბამისად, ამ მიმართულებით არაერთი სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება. მისივე ინფორმაციით, სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, რათა მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული მიდგომები სწრაფად და ეფექტურად შემუშავდეს. გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მინისტრის მოადგილეებმა კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხეს და საკითხებზე დამატებით ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები