ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს მოუსმინეს

ევროკავშირის რეკომენდაციის მე-6 პუნქტის შესრულების მიზნით, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მორიგი შეხვედრა გამართა.

პარლამენტის ინფორმაციით, ჯგუფის წევრებმა ორგანიზებული დანაშაულის ბრძოლის მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებულ ღონისძიებებსა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის ინფორმაცია მოისმინეს და საკითხის ირგვლივ დისკუსია გამართეს.

სამუშაო ჯგუფის სხდომაზე, დახურულ ფორმატში, განხილული საკითხი ჯგუფის ხელმძღვანელმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ შეაჯამა და აღნიშნა, რომ ორგანიზებული დანაშაულის ბრძოლის კუთხით საქართველო მოწინავე ქვეყნების რიგშია. „ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის ამოცანაა ამ კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარების შეფასება, ნაკლოვანებების იდენტიფიცირება და, ასეთის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი წინადადებების მომზადება. დღევანდელ შეხვედრაზე შესაბამისმა უწყებებმა კომპეტენციის ფარგლებში ამომწურავი ინფორმაცია წარმოადგინეს და ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რაც ორგანიზებული დანაშაულის ბრძოლის სფეროში არსებობს. შევთანხმდით იმ პრაქტიკულ ნაბიჯებზე, რაც ამ მიმართულებით საჭიროებს გადადგმას. აღსანიშნავია, რომ ორგანიზებული დანაშაულის ბრძოლის კუთხით საქართველო არის წარმატებული, მოწინავე ქვეყანა და ამ მიმართულებით ქვეყანას შთამბეჭდავი პროგრესი აქვს, რასაც მოწმობს შესაბამისი საერთაშორისო შეფასებები, რეიტინგები და ანგარიშები”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა ეფექტიანობის შემდგომი გაძლიერების მიზნით პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობასა და ორგანიზებული დანაშაულთან ბრძოლის კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
„რაც შეეხება გამოწვევებს – რეგიონული უსაფრთხოების გარემო სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. უსაფრთხოების სფეროში არსებული პრობლემები ორგანიზებული ჯგუფებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის და აუცილებელია კიდევ უფრო აქტიური და პრაქტიკული ნაბიჯებით ამ ცვალებად გარემოსთან მუდმივი ადაპტირება და შესაბამისი მექანიზმების და პლატფორმების შექმნა. ასევე დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების ცნობიერების ამაღლებას და ახალი მექანიზმების შემუშავებას. ერთ-ერთ ასეთ მექანიზმს პარლამენტში შემოსული საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგენს, რომელიც საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებების გამიჯვნას ითვალისწინებს”, – აღნიშნა ირაკლი ბერაიამ. სამუშაო ჯგუფის შეხვედრას პარლამენტის წევრებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავარი პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები