გელა კვაშილავა: სატრანსპორტო საშუალებების სიჩქარის ეფექტიანი კონტროლისთვის მნიშვნელოვანია, ჯარიმების გაზრდასთან ერთად, კამერები უფრო აქტიურად იყოს გამოყენებული
ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში გაერო-ს ექსპერტის, ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თავმჯდომარის, გელა კვაშილავას განცხადებით, სატრანსპორტო საშუალებების მართვის სიჩქარის ეფექტიანი კონტროლისთვის მნიშვნელოვანია, ჯარიმების გაზრდასთან ერთად, თანამედროვე ტექნოლოგიები, კამერები უფრო აქტიურად იყოს გამოყენებული. ამის შესახებ კვაშილავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კვაშილავამ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით დაგეგმილი ცვლილებები შეაფასა, რომლის განხილვაც პარლამენტში იწყება.
„პირველ ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რიცხვი ძალიან გაიზარდა და მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით დროული რეაგირება მოხდეს. არის რამდენიმე საკითხი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია – ეს არის სიჩქარის ეფექტიანი კონტროლი და ამ მიმართულებით ჯარიმების გაზრდასთან ერთად თანამედროვე ტექნოლოგიების, კამერების გამოყენება უფრო აქტიურად უნდა მოხდეს. იცით, რომ რომ წინა წლებში გზის გარკვეულ მონაკვეთებზე სექციური კამერები დამონტაჟდა, ეს პროცესი აქტიურად უნდა გაგრძელდეს, განსაკუთრებით – ქალაქის გარეთ, სადაც მაღალი სიჩქარე ძალიან ხშირია.
სიჩქარესთან დაკავშირებით ყველზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ როცა, მაგალითად, კამერა სიჩქარის გადაჭარბებას დააფიქსირებს, მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების გამოკლება ავტომატურად უნდა მოხდეს. სხვა შემთხვევაში, ის ადამიანები, ვისაც თანხის გადახდის საშუალება აქვთ, გადაიხდიან და ისევ ჩქარა იმგზავრებენ. სიჩქარე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, არამარტო ჩვენთან. აქცენტი ჯარიმებთან ერთად პრევენციაზე უნდა იყოს. აღსრულების ეფექტიანი მექანიზმიც უნდა შემუშავდეს, რადგან შესაძლოა, კანონმდებლობაში გაწერილი გქონდეს, მაგრამ აღსრულება ეფექტიანად ვერ ხდებოდეს. აღსრულების პროცესში უფრო მეტ პრიორიტეტს თანამედროვე ტექნოლოგიებს მივანიჭებდი, რადგან პატრული ყველა სიჩქარის დამრღვევს ფიზიკურად ვერ დააჯარიმებს“, – განაცხადა კვაშილავამ.
მისივე თქმით, ასევე, მნიშვნელოვანია იმ რეგულაციის ეფექტიანი მოქმედება, რომელიც ქუჩაში ხმაურის დონეს გააკონტროლებს.
„რაც შეეხება ხმაურის საკითხს – ყველა ვხედავთ, რომ ამ მიმართულებით არსებული კანონმდებლობა არ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. ქუჩაში ხმაური მოქალაქეებს ძალიან აწუხებთ. ამ მიმართულებით რეგულაციების აქტუალობა ყველა ქვეყანაში წინა პლანზეა. იქაც იღებენ ზომებს, რათა ხმაური მაქსიმალურად გაკონტროლდეს. უსაფრთხოებასთან ერთად, ხმაური ქუჩებში, განსაკუთრებით – ღამის საათებში ძალიან დიდი სტრესის გამომწვევია და ჯანმრთელობის საკითხებსაც უკავშირდება. ავტომობილების, თუ მოტოსაშუალებების თვითნებურად გადაკეთება უნდა გამოირიცხოს. ამის პრევენცია მაქსიმალურად უნდა მოხდეს. დრიფტთან დაკავშირებითაც, რა თქმა უნდა, ვითარება მოსაწესრიგებელია. საქართველოში უკვე არის ადგილები, სადაც შეგიძლია, იდრიფტაო და ყველა ადამიანმა, ვისაც ამის სურვილი აქვს, აღნიშნული ადგილებით უნდა ისარგებლოს. მინების დაბურვასთან დაკავშირებით კანონმდებლობა არსებობს, თუმცა, მე როგორც ვხედავ, მომრავლდა ავტომანქანები, რომლებიც დაბურული მინებით დადიან. აქაც ეფექტიანი მექანიზმია საჭირო.
როგორც ვიცი, ახალი კანონპროექტი პარლამენტის ბიუროში დღეს შედის, შემდეგ ფართო საზოგადოებრივი განხილვა უნდა მოხდეს“, – განაცხადა კვაშილავამ.
ცნობისთვის, ახალი კანონპროექტები, რომელიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესებას ეხება, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა.
„სამინისტრომ, პრაქტიკაში გამოვლენილი გამოწვევების გათვალისწინებით, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები შეიმუშავა, რომლებიც ხელს შეუწყობს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესებას.
კანონპროექტის თანახმად, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განსაზღვრულია ცვლილებები:
- დასჯადი ხდება ე.წ. დრიფტი, რაც გულისხმობს ავტომობილის განზრახ მოცურებას/მოსრიალებას ან/და მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელებას. სანქციად წესდება ჯარიმა 300 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 30 ქულით შემცირება. დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს, თუ ე.წ. დრიფტს მოჰყვება ზიანი. აღნიშნული გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 35 ქულით შემცირებას.
- დასჯადი ხდება ჩამოწერის შედეგად აღრიცხვიდან მოხსნილი სატრანსპორტო საშუალების მართვა. აღნიშნულისთვის წესდება ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობის 30 ქულით შემცირდება.
- შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმების და/ან კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური აღჭურვილობის და შეფერილობის ავტომანქანით გაცილების გარეშე არაგაბარიტული სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობისთვის სანქცია, ნაცვლად 100 ლარისა, იქნება ჯარიმა 1 000 ლარი, ხოლო თუ აღნიშნულ სამართალდარღვევას მოჰყვა ზიანი, 250 ლარის ნაცვლად, დაწესდება ჯარიმა 2 000 ლარი.
- სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, 150 ლარის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
- კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით დამუქებული მინებით სატრანსპორტო საშუალების მართვა, 50 ლარის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
- დასჯადი ხდება ისეთი სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონე აღემატება დადგენილ ნორმატივებს. სანქციის სახედ წესდება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 10 ქულით შემცირება. პირველ ეტაპზე მოწესრიგდება საკანონმდებლო ჩარჩო, ხოლო შემდგომ მოხდება ხმაურისმზომი აღჭურვილობის შეძენა.
- ცვლილება შედის აგრეთვე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში. რიგი სამართალდარღვევებისთვის გათვალისწინებულია მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობის შემცირება“ – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
თამუნა შეყილაძე