ლევან დავითაშვილი: მნიშვნელოვანია ხანძრის ლოკალიზება, რომ დამატებით ტერიტორიებზე არ გავრცელდეს

“დღეს სამი მინისტრი – შინაგან საქმეთა მინისტრი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი და თავდაცვის მინისტრი იქნებიან ბორჯომის მუნიციპალიტეტში. ადგილზე გაეცნობიან მიმდინარე ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებს. მათგან მეტ დეტალურ ინფორმაციას მოვისმენთ”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხანძარი 150 ჰექტრამდეა გავრცელებული.

„დღეს ერთ-ერთი აქტუალური თემაა. მთავრობის ფორმატში დღეს მქონდა ამ საკითხზე მსჯელობა. დღეს სამი მინისტრი – შინაგან საქმეთა მინისტრი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი და თავდაცვის მინისტრი იქნებიან ბორჯომის მუნიციპალიტეტში. ადგილზე გაეცნობიან მიმდინარე ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებს. მათგან მეტ დეტალურ ინფორმაციას მოვისმენთ.

დღეს არსებული ინფორმაციით, გარკვეულწილად ხდება ხანძრის ლოკალიზება. თუ ამინდი ამის საშუალებას მოგვცემს, ერთი ან ორი დღის ფარგლებში უნდა მოხდეს ხანძრის კერების ჩაქრობა, თუმცა, ეს ძალიან რთული პროცესია. ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება ამინდი. თუ ქარი მისცემს, მათ შორის, ავიაციას მუშაობის საშუალებას, უფრო ადვილად შეიძლება ხანძრის ლოკალიზება.

ჩვენთვის, პირველ ყოვლისა, მნიშვნელოვანია ხანძრის ლოკალიზება იმისთვის, რომ დამატებით ტერიტორიებზე ხანძრის გავრცელება არ მოხდეს. ამ მომენტისთვის ხანძრის მოსახლეობისთვის გადასვლის რისკი არ არსებობს. ამ დროისთვის დაახლოებით 150 ჰექტრამდეა ხანძარი გავრცელებული. ეს არ არის მთლიანად მერქნიანი ნარგაობებით მოცული ტერიტორია, აქ არის ტყის წინა ნაწილი – ბალახი და ბუჩქნარი ტერიტორიები, შესაბამისად, ჯერ ნაადრევია ზიანსა და ზარალზე საუბარი, მეტი ინფორმაცია მომავალში გვექნება.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო მთავრობის გადაწყვეტილება. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ჯარი ჩაერთო პროცესში და თავდაცვის ძალების გამოყენება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენ გვახსოვს ბორჯომის წინა ხანძრებიც, როდესაც მათ შეასრულეს გადამწყვეტი როლი. ამ შემთხვევაში თავდაცვის ძალების დროულად ჩართვა ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება, რომ მინიმალური იყოს ზიანი. ცხელი ამინდებიდან გამომდინარე, ბევრი სხვა კერაც გვაქვს. ასეთ ვითარებაში გვჭირდება მეტი სიფრთხილე და, რა თქმა უნდა, კონსოლიდებული მოქმედება მთავრობის მხრიდან, იმისთვის, რომ ეს გამოწვევა მალე დავძლიოთ“, – განაცხადა დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები