შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გუდაურთან დაღუპული მფრინავების – ლევან ჩოხელის, ზაზა ლორიას, დიმა ქააძის, ანდრო ქუჯოშვილის, მაშველების – კახა ტორჩინავას და გიორგი მარგიანის, ექიმების – ქეთი გულაგაშვილის და გიორგი ვენეცკის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს.
სამოქალაქო პანაშვიდი 14:00 საათამდე გაიმართება.
სამების ტაძარში პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო წირვას აღავლენს და სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპულების პანაშვიდს გადაიხდის.
ცნობისთვის, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს ორი პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენში მყოფი რვავე პირი დაიღუპა. ასევე დაიღუპა უცხოელი ტურისტიც, ვის საშველადაც ტარდებოდა სამაშველო ოპერაცია. ამასთან, პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული ერთი ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს.