მეუფე ანტონი – სოსო გოგაშვილზე: უცებ ასე როგორ აუჯანყდა იმ სისტემას, რაშიც იყო, რასაც ემსახურებოდა; ასე მგონია, ვიღაცამ ძალიან შეუჩხიკინა

ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მონახულებას გეგმავს.

მეუფე ანტონის თქმით, გაუგებარია, გოგაშვილი რატომ აუჯანყდა სისტემას, რომელსაც ემსახურებოდა.

“ვეცდები, რომ მას შევხვდე და ალბათ ავიღებ, მართლა ავიღებ იმის უფლებას, რომ მოვინახულო და პირადად შევეკითხო: რატომ, სოსო, შენ ხომ, მაპატიე და, შეგზავნილი არ იყავი. გამაღიზიანა იმან, რომ სადაც იყო, ახლა იწყებს იმ სისტემების მხილებას, მაგას ჩვენებურად ,,შანტაჟი,, ჰქვია და არ შეიძლება. დღევანდელ პოზიციას ვერ ვიგებ, უცებ ასე როგორ აუჯანყდა იმ სისტემას, რაშიც იყო, რასაც ემსახურებოდა. ასე მგონია, ვიღაცამ ძალიან შეუჩხიკინა”, – აცხადებს მეუფე ანტონ ბულუხია “კურიერთან” საუბრისას.

შეგახსენებთ, სუს-ის თანამშრომლებმა სოსო გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს: თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები