საღამომდე თუ კიდევ სამჯერ მოასწრებს „თიბისი“ ხაზარაძის და ჯაფარიძის უარყოფას, უკვე სამართლებრივ სივრცეს ვცდებით – დიმიტრი ტორაძე ზვიად კორძაძეს პასუხობს
„ბატონი ზვიადი საუბრობდა ჩემი სარჩელის ციტატებით, არგუმენტებად ტელევიზიებს აჩვენებდა თანდართულ საბუთებს და იქვე გვიმტკიცებდა, რომ სარჩელი არც კი ჩაბარებიათ. საქმე გვაქვს ან მარტივ ტყუილთან, ან კანონდარღვევასთან, რადგან გამოდის, რომ მას ეს დოკუმენტები მიაწოდა „თიბისი ბანკმა“, რომელიც, ასევე, ბატონი ზვიადის თქმით, არაფერ კავშირში არ არის მასთან“, – ამ სიტყვებით ეხმაურება „თიბისი ბანკის“ ბრიტანელი აქციონერის იან მალკჰოლმ ჰოქსის ადვოკატი დიმიტრი ტორაძე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის უფლებადამცველის ზვიად კორძაძის განცხადებას, სადაც ის აღნიშნულ საქმეზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათ სარჩელი არ ჩაბარებიათ და განჩინება პრესკონფერენციის ჩატარების შემდეგ მიიღეს.
დიმიტრი ტორაძის თქმით, სინამდვილეში მოწინააღმდეგე მხარეს სარჩელი ჩაჰბარდა და, უფრო მეტიც, მათ გასაჩივრების ვადას გადააცილეს.
ტორაძემ, ასევე, უპასუხა ზვიად კორძაძის კითხვას, თუ საიდან აქვს მას სასამართლოს განჩინების ასლები, საიდანაც მან სარჩელის წარდგენისას ისაუბრა.
„სინამდვილეში, მათ სარჩელი ჩაჰბარდათ კიდეც და გასაჩივრების ვადაც გაუშვეს. მეორე და, ასევე, მნიშვნელოვანი. ბატონმა ზვიადმა ხაზი გაუსვა ამ კითხვას, თუ საიდან მაქვს მე სასამართლოს განაჩენის ასლები, საიდანაც ვისარგებლე სარჩელის წარდგენისას.
მოწინააღმდეგე მხარე სარჩელს უფრო ყურადღებით რომ გასცნობოდა, იქვე ნახავდა პასუხებს ამ კითხვაზე – ამ განაჩენის ასლები მე ავიღე ერთ-ერთი მედიასაშუალებიდან, სადაც გამოქვეყნებული ჰქონდა ზვიად კორძაძის ბიუროს ადვოკატ კახა წიქარიშვილს და უფრო მეტიც, მივმართე „თიბისი ბანკს“, უზრუნველყო ამ განაჩენის ასლების საჯარო სივრციდან წაშლა, ვინაიდან ამით ირღვეოდა კონფიდენციალურობა, რაც უარყოფითად აისახება როგორც ბანკის, ასევე, ჩემი მარწმუნებლის ინტერესებზე.
და ყველაზე მთავარი, თუ აქამდე ვისმენდით, რომ ჩემი მარწმუნებელი არაფერ შუაში არ იყო „თიბისი ბანკთან“, დღეს ისიც გავიგეთ, რომ თურმე არც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არ ყოფილან „თიბისი ბანკის“ აქციონერები.
მოკლედ, საღამომდე თუ კიდევ სამჯერ მოასწრებს „თიბისი“ ხაზარაძის და ჯაფარიძის უარყოფას, უკვე სამართლებრივ სივრცეს ვცდებით. სერიოზულად კი ჩვენ ვართ იურისტები და უნდა ვისაუბროთ არგუმენტებით, რომელსაც საბოლოო ჯამში სასამართლომდე მივყავართ“, – განაცხადა დიმიტრი ტორაძემ.
„თიბისი ბანკის“ ბრიტანელი აქციონერი მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ ახალ დავას იწყებს.
ადვოკატმა დიმიტრი ტორაძემ თბილისი საქალაქო სასამართლოს სარჩელით უკვე მიმართა.
სარჩელის თანახმად, ბრიტანელი აქციონერი „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. მისი თქმით, საუბარია 50 მილიონი ამერიკულ დოლარის ზარალზე. სარჩელის წარდგენის პარალელურად, სასამართლომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს „თიბისი ბანკიდან“, 15 ივლისს დივიდენდის სახით მისაღები, 30 მილიონამდე ლარი უკვე დაუყადაღა.
R