არჩილ თალაკვაძე – სოსო გოგაშვილის საქმეზე: დარწმუნებული ვარ, გამოძიება და სასამართლო ობიექტურად შეაფასებს, თუ რასთან გვაქვს საქმე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაკავებას გამოეხმაურა.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული ნებისმიერი მანიპულაციისგან და დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება და სასამართლო ობიექტურად შეაფასებს, თუ რასთან გვაქვს საქმე. ჩვენ მოვისმინეთ საგამოძიებო სამსახურის ოფიციალური განმარტებები და საუბარია 3 მუხლზე. შესაბამისად, ამ 3 მუხლით წარდგენილი ბრალდებები არის მიმდინარე გამოძიების საფუძველი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, სუს-ის თანამშრომლებმა სოსო გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს: თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები