გიორგი ტყემალაძე: მერიის სტრუქტურულ ერთეულებში არც შტატები იზრდება და შესაბამისად, არც ფინანსური უზრუნველყოფის ნაწილი
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე თბილისის მერიაში საშტატო ნუსხაში განსახორციელებელ ცვლილებას გამოეხმაურა. მისი თქმით, სატრანსპორტო კომპანიას 30 საშტატო ერთეული აკლდება და ეს შტატები მერიაში გადანაწილდება.
„რეალურად საქმე შტატების ზრდასთან არ გვაქვს, ცვლილება სატრანსპორტო კომპანიაში შტატების შემცირების ხარჯზე ხორციელდება და შესაბამისად, მერიის შტატები არ იზრდება. იგივეა ფინანსურ ნაწილშიც. ვინაიდან სატრანსპორტო კომპანია არ არის სახაზინო ორგანიზაცია და აღნიშნული საშტატო ერთეულებისთვის გამოყოფილი ხარჯები დედაქალაქის ბიუჯეტში ასახული არ იყო, თბილისის მთავარ საფინანსო დოკუმენტში შესაბამისი ცვლილებები შეგვაქვს“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე თბილისის განვითარების ფონდში მიმდინარე ცვლილებებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მერია ავარიული სახლების ჩანაცვლების ძალიან მნიშვნელოვან პროექტს იწყებს, რომელსაც თბილისის განვითარების ფონდი განახორციელებს. შესაბამისად, გიორგი ტყემალაძის თქმით, ფონდში აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად 6 საშტატო ერთეულის დამატება იგეგმება.