საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის აეროპორტში ანაზღაურებად სტაჟირებას აცხადებს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში საავიაციო სფეროში განვითარებისა და დასაქმების მსურველებისთვის ანაზღაურებად სტაჟირებას აცხადებს. სტაჟირების ხანგრძლივობა 3-დან 6 თვემდე პერიოდს მოიცავს და ძირითადი მოთხოვნა ინგლისური ენის ცოდნაა. სტაჟიორები ქუთაისის აეროპორტში ფრენების კოორდინაციისა და მიწისზედა მომსახურების სამსახურში, ბაქანზე მომსახურებისა და მგზავრთა და ბარგის მომსახურების მიმართულებით დასაქმდებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის განცხადებით, იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სამუშაო გამოცდილება მიიღონ და სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში ადგილზევე დასაქმდნენ.

,,ჩვენ ვეძებთ რეგიონში მოტივირებულ ახალგაზრდებს, რომლებსაც აინტერესებთ ავიაციის სფერო და აქვთ დასაქმებისა და განვითარების სურვილი. ანაზღაურებადი სტაჟირება მოიცავს სპეციალურ სწავლებას სამუშაო ადგილზე, ხოლო მისი წარმატებით გავლის შემდეგ დასაქმებას შესაბამის პოზიციაზე. არ გვაქვს განსაკუთრებული მოთხოვნები. არ ვითხოვთ სამუშაო გამოცდილებას. მოგეხსენებათ ქუთაისის აეროპორტი საერთაშორისო აეროპორტია და მსურველებს მოეთხოვებათ მხოლოდ ინგლისურის ცოდნა. დანარჩენ უნარებს ჩვენ თავად ვასწავლით“. – აცხადებს თამარ არჩუაძე.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ამ ეტაპზე 10 სამსახურია და 318 ადამიანია დასაქმებული. აეროპორტის გაფართოების შემდეგ თანამშრომლების რაოდენობა ეტაპობრივად, საჭიროების მიხედვით იზრდება. სტაჟირების მსურველებმა 15 აგვისტოს ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე hr@airports.ge .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები