“საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ თავდაცვის, საგარეო საქმეთა, იუსტიციის, ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრების საკვანძო სამთავრობო პოზიციებს დღეს იკავებენ ადამიანები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი არც კი შეხვედრია და იცნობს”,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
მისივე თქმით, ასეთ დროს, საუბარი იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი მთავრობასა და პარლამენტს მართავს და აკონტროლებს, სრული ფარსი და აბსურდია.
“ბუნებრივია, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ამის მიზეზი მხოლოდ ის არაა, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩვენი პოლიტიკური გუნდის დამფუძნებელია. მან 2011 წელს ქვეყნისთვის თავი გადადო და საქართველოს დემოკრატიული გარდატეხა მოუტანა, პოლიტიკიდან გასვლისას კი, სახელმწიფოს სამართავად სწორი ღირებულებები და თამაშის წესები დაგვიტოვა. ეს ღირებულებები და თამაშის წესებია სამშობლოს სიყვარული და კანონის პატივისცემა. ამასთან, ამ ღირებულებებსა და თამაშის წესებს ჩვენ არ მივყვებით როგორც გუნდის ყოფილი ლიდერისგან თავს მოხვეულ მემკვიდრეობას. ისინი მთელი ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის სისხლხორცეულად მნიშვნელოვანი და ორგანულია.
ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებულ ამ თამაშის წესებთან სრულიად შეუთავსებელია ყალბი ბრალდება ოლიგარქიული მმართველობის შესახებ, რომელსაც პოლიტიკური ოპონენტები, ერთი მხრივ, ბიძინა ივანიშვილს, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლებას უყენებენ.
საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ თავდაცვის, საგარეო საქმეთა, იუსტიციის, ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრების საკვანძო სამთავრობო პოზიციებს დღეს იკავებენ ადამიანები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი არც კი შეხვედრია და იცნობს. საპარლამენტო გუნდის ლიდერების დიდ ნაწილთან, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარესთან და არაერთი საკვანძო კომიტეტის ხელმძღვანელთან, ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების წინ მათი წარდგენის დღეს არის შენახვედრი. ასეთ დროს, საუბარი იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი მთავრობასა და პარლამენტს მართავს და აკონტროლებს, სრული ფარსი და აბსურდია”,- წერია განცხადებაში.