ილია ღუდუშაური „ემორის უნივერსიტეტის“ პროფესორებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე – ილია ღუდუშაური „ემორის უნივერსიტეტის“ პროფესორებს ჰენრი ბლუმბერგს, სებასტიან განიეს და რასელ კემპკერს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა სამედიცინო ჰოლდინგის სექტორში მიმდინარე პროცესებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

“როგორც ილია ღუდუშაურმა შეხვედრაზე აღნიშნა, იგეგმება სამედიცინო ჰოლდინგისა და ტუბერკულოზის ცენტრის კიდევ უფრო განვითარება და გაძლიერება, სამეცნიერო კვლევების მიმართულებით გააქტიურება. მისი თქმით, ამ პროცესებში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ცენტრის თანამშრომლები, რომლებმაც საქართველო-ემორის ტუბერკულოზის (TB) კვლევის სასწავლო პროგრამა გაიარეს.

პროგრამის ფარგლებში, ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის, შიდსისა და ინფექციური პათოლოგიების ცენტრის და სხვა უმაღლესი სასწავლებლების ორმოცამდე ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომელი „ემორის უნივერსიტეტის“ სტიპენდიატი გახდა, მათ წინასადოქტორო და სადოქტორო სემესტრების სრული კურსი ტუბერკულოზის სფეროში აქტიური კვლევების მიმართულებით უკვე გაიარეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელი – ლადო შელია და ჰოლდინგის მართვაში შემავალი ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი – ზაზა ავალიანი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები