თეა წულუკიანი – საელჩოს ინციდენტზე: ჩიხში არიან მოქცეულები, ყველაფერზე წავლენ, რათა როგორმე გამოიწვიონ დესტაბილიზაცია და ალბათ კიდევ დაგეგმავენ სხვა მსგავს პროვოკაციას
ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები, ამიტომაც, თითოეულმა ადამიანმა, განსაკუთრებით – პოლიტიკაში მყოფმა პირებმა, რაც უნდა ძნელი იყოს, გამოვიჩინოთ მეტი მოთმინება, მაგრამ ჩვენც ადამიანები ვართ და ხან მოვითმენთ, ხან აღმოჩნდა, რომ ვერ მოვითმინეთ, – ასე ეხმიანება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც “ქართული ოცნების” დეპუტატს, ანრი ოხანაშვილსა და “ტვ პირველის” მფლობელ ვატო წერეთელს შორის დაპირისპირება მოხდა.
მისი თქმით, აღნიშნული ინციდენტი უმძიმეს პროვოკაციასთან არის დაკავშირებული.
“ალბათ, არავის წარმოუდგენია, რომ მიღებაზე, სადაც მშვიდობიანი გარემოა, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წევრი, რომელ პარტიასაც არ უნდა წარმოადგენდეს ის, უმიზეზოდ ასე ვთქვათ, ჩაებმება რაღაცა ტიპის შეხლა-შემოხლაში. როგორც ჩანს, საქმე გვაქვს უმძიმეს პროვოკაციასთან.
ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები, ამიტომაც, თითოეულმა ადამიანმა, განსაკუთრებით – პოლიტიკაში მყოფმა პირებმა, რაც უნდა ძნელი იყოს, გამოვიჩინოთ მეტი მოთმინება, მაგრამ ჩვენც ადამიანები ვართ და ხან მოვითმენთ, ხან აღმოჩნდა, რომ ვერ მოვითმინეთ. ხან მოვითმენთ არის შემთხვევების 99.9 პროცენტში და ათი წელია, მოთმინებით ვართ დაკავებული. ადამიანი ხარ და ხანდახან შეიძლება, ვერ მოითმინო. უნდა იყო ძალიან, ძალიან ფრთხილად სახელმწიფო დონეზე, ინდივიდუალურ დონეზე. ვინაიდან ისინი უკვე ჩიხში მოქცეულები არიან, ყველაფერზე წავლენ, რათა როგორმე გამოიწვიონ დესტაბილიზაცია და ალბათ დაგეგმავენ კიდევ მრავალ სხვა მსგავს პროვოკაციას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.