ირაკლი ზარქუა – “ქართული ოცნებიდან” 3 დეპუტატის წასვლაზე: მთელი უმრავლესობა ვცდილობდით, რომ მათ ეს გადაეფიქრებინათ
“მთელი უმრავლესობა ვცდილობდით, რომ მათ ეს გადაეფიქრებინათ, თუმცა, თქვეს, რომ როდესაც მმართველი პარტიის კონიუნქტურით შებოჭილი არ იქნებიან, განცხადებებში უფრო მეტად თამამები იქნებიან”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილისა და სოზარ სუბარის მიერ “ქართული ოცნებისა” და საპარლამენტო თანამდებობების დატოვების საკითხს.
მისივე თქმით, სამივე მათგანმა ევროინტეგრაციისთვის ბევრი რამ გააკეთა.
„იმის მიუხედავად, რომ მათ უმრავლესობა დატოვეს, არამც და არამც ეს არ ნიშნავს, რომ ვექტორი შეიცვალეს. ისინი არიან ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერი და მათ ევროინტეგრაციისთვის ბევრი რამ გააკეთეს. პირადად ვარ მმართველ პარტიაში, მაგრამ ეს არ მბოჭავს – როცა რაიმე მაქვს სათქმელი, გამოვდივარ და ვამბობ ხოლმე. მე ჩემი ქვეყანა მიყვარს და ბოლომდე დავიცავ. ის ვინც ფასიანი ლობისტია ან “ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგიული პარტნიორი და ჩემი ქვეყნის ინტერესებს ამ გადასახედიდან უყურებს, ამას მე არ დავუთმობ“, – განაცხადა ზარქუამ.