თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში განიხილა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში” და „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ” საქართველოს მთავრობის ინფორმაცია მოისმინეს.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2021 წელს, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ წინა წელთან შედარებით 10.4 პროცენტი შეადგინა. ეკონომიკურ ზრდაში წარმმართველი როლი კვლავ კერძო სექტორს ეჭირა. 2021 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 35.2 პროცენტით, ხოლო საწარმოთა მიერ გამოშვებული პროდუქციის ღირებულება 25.8 პროცენტით გაიზარდა.2021 წელს წლიური ინფლაციის დონე 13.9 პროცენტით განისაზღვრა.

„წლის განმავლობაში მოხდა ბიუჯეტის 2-ჯერ ზრდა. 990 მლნ ლარი იყო თავდაცვის საბოლოოდ დაზუსტებული ბიუჯეტი, 99%-ზე მეტია შესრულების მაჩვენებელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს შემთხვევაში 789 მლნ ლარამდე იქნა ათვისებული და 100, 5%-ია შესრულების მაჩვენებელი. დაზვერვის სამსახურს 100% აქვს შესრულების მაჩვენებელი (13 800 000 ლარი), სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შემთხვევაშიც შესრულება 100%-ანია 61,4მლნ ლარი”,- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

კომიტეტმა „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს” მხარი დაუჭირა. ანგარიშის შემაჯამებელი განხილვა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე შედგება, რომლის შემდეგაც ფინანსური დოკუმენტი პარლამენტის პლენარულ სხდომას წარედგინება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები