ქართული კინოს რეტროსპექტივას „მონანიება” დახურავს
საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში 60-იანი წლების ქართული კინოს რეტროსპექტივა დასასრულს უახლოვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.
მათივე ცნობით, 17-18 ივნისს, 19:00 საათზე, ნაჩვენები იქნება მერაბ კოკოჩაშვილის „დიდი მწვანე ველი” (1967) და რეზო ესაძის „ერთი ნახვით შეყვარება” (1975). თენგიზ აბულაძის მხატვრული ფილმით „მონანიება” (1984) რეტროსპექტივა 19 ივნისს, 19:00 საათზე, დაიხურება.
საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და საქართველოს ეროვნული არქივის ორგანიზებულ კინოჩვენებებზე ციფრულად რესტავრირებული 60-იანი წლების ქართული კინოკლასიკის გამორჩეული ნამუშევრებია წარმოდგენილი. რეტროსპექტივა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოდარბაზში 27 მაისიდან მიმდინარეობს. კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია.