შემოსავლების სამსახურის უფროსი, ლევან კაკავა საქართველოში ვიზიტით მყოფ, ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს შეხვდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ სამუშაო შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან რიზა თუნა თურაგაისთან, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და რეგიონული თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები. შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა გაზრდილი ტვირთნაკადების მართვის კუთხით მიღწეულ პროგრესს და აღნიშნა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, ქვეყნებს შორის, არსებობდეს ეფექტური კომუნიკაცია, რათა სწრაფად მოხდეს რეაგირება არსებულ გამოწვევებზე.

,,თურქეთი არა მხოლოდ ჩვენი მეგობარი ქვეყანა, არამედ ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. მოხარული ვართ, რომ თურქულმა მხარემ გამოთქვა სრული მზაობა, დღე-ღამის განმავლობაში, ,,სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ორივე ქვეყნის მიმართულებით, შეუფერხებლად მოახდინოს დაახლოებით 1 400-მდე სატვირთო ავტომობილის გატარება. გაზრდილი ტვირთნაკადის ფონზე, უმნიშვნელოვანესია გაძლიერდეს საბაჟო სფეროში მჭიდრო კოორდინაციაც. აქედან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია, რომ ,,სარფის“ გამტარუნარიანობის მაჩვენეველი იყოს მაღალი, რაც დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნების ეკონომიკაზე.
ამასთან, ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში დასრულდება ,,ვალეს“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე – თურქეთის მხარეს მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიც და გამშვები პუნქტი სრული დატვირთვით განაახლებს მუშაობას, რაც ხელს შეუწყობს გაზრდილი ტვირთნაკადების განტვირთვას“,- განაცხადა ლევან კაკავამ.
ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა და თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ ხელი მოაწერეს შეხვედრის ოქმს. გაფართოებულ ფორმატში მიმდინარე შეხვედრას, დაესწრნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სიჭინავა, ასევე საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია და ორი ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციების სხვა წარმომადგენლები. ლევან კაკავამ მადლობა გადაუხადა თურქულ მხარეს მჭიდრო თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა კიდევ უფრო ეფექტური ნაბიჯები გადადგას ურთიერთობების გაღრმავებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები