ბიურომ საგაზაფხულო ბოლო სასესიო კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელა
ბიურომ პარლამენტის საგაზაფხულო ბოლო სასესიო კვირის დღის წესრიგზე იმსჯელა და დაჩქარებული წესით განსახილველი საკითხები განსაზღვრა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკომ განაცხადა, დღის წესრიგს პარლამენტის დადგენილების პროექტი „მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების განსაზღვრის შესახებ დადგენილების პროექტში ცვლილებების შეტანის შესახებ” და საზოგადოებრივი მაუწყებლის 2021 წლის ანგარიში დაემატა.
ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს შორისაა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები, რომელთა განხილვას ინიციატორები დაჩქარებული წესით ითხოვენ. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, საკითხს კომიტეტები მომდევნო, სასესიო კვირაში განიხილავენ. ბიუროზე იმსჯელეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მომართვაზე „უკრაინაში ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის რეზოლუციის პროექტის განხილვის ვადის 1 თვით გაგრძელების შესახებ.
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების, ლევან ბეჟაშვილისა და ანა ნაცვლიშვილის მოსაზრებით, აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანია და მისი გადადება მიზანშეწონილი არ არის. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ხელაშვილის განმარტებით, საქართველო არის აღნიშნული საკითხის თანასპონსორი საერთაშორისო სასამართლოში და კომიტეტი ამ სასამართლოსთან კოორდინაციისთვის მოქმედებს.
„სანამ არ იქნება გარკვეული პროგრესი მიღწეული, ვფიქრობთ, რომ მიზანშეწონილია საკითხის განხილვის დაყოვნება”, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.
დღესვე ბიუროს სხდომაზე აღინიშნა, რომ სასესიო კვირაში პარლამენტი პრემიერ-მინისტრის, ასევე, რამდენიმე უწყების წლიურ ანგარიშებს მოისმენს.